• სამ. ოქტ 8th, 2024

სოფლად მცხოვრებ ქალებთან და ახალგაზრდებთან საარჩევნო თემები განიხილეს

ByGMG

სექ 27, 2024

საარჩევნო სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დაესწრნენ. მოსალოდნელ პროცედურებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწრობისთვის”. ორგანიზაცია ამ მიზნით, საქართველოს რეგიონებში მუშაობს და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

გორში გამართულ მორიგ შეხვედრას ამჯერად საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ანა ჯებისაშვილი უძღვებოდა, სადაც საუბარი შეეხო არჩევნებში ქალი ამომრჩევლის როლსაც, რომლებიც ელექტორატის უმრავლესობას წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ხმის უფლებით საქართველოში, ნახევარ მილიონამდე ქალმა არ ისარგებლა, ანუ არ მივიდა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად. 

პროექტის გუნდი პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ელექტრონულ არჩევნებზე და ხმის მიცემის პროცედურებზე 400-ზე მეტი ამომრჩევლის ინფორმირებას გეგმავს; ხოლო არაპირდაპირი გზით, პროექტის სამიზნე რეგიონებში, ადგილობრივი მედია საშუალებებით 150 000-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს საჭირო ინფორმაციას. პროექტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მოახლოეული არჩევნებისთვის აქტიურობა მოქალაქეთა პასუხისმგებლობას უკავშირება და ხმის უფლება, დემოკრატიის გადასარჩენად და ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, თითოეულმა მათგანმა უნდა გამოიყენოს.

About Author

By GMG