მთავარი FinanceBanking ქალებო, არ გაუღიმოთ მოძალადეს და მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ – თეა კალატოზი

ქალებო, არ გაუღიმოთ მოძალადეს და მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ – თეა კალატოზი

"ქართული მედია ჯგუფი" უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას.

by GMG

გენდერული თანასწორობის თემა ბოლო პერიოდში მეტად აქტუალური გახდა მსოფლიოში, თუმცა საქართველოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ პრობლემად რჩება. კაცების თითქმის 50% მიიჩნევს, რომ პროფესიული თვალსაზრისით ქალი კაცს ერთნაირი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი ვერ გაუტოლდება. ამ ფონზე თანდათან შეიცვალა პროცენტული მაჩვენებელი იმ მოსაზრების შესახებ, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. უმეტესობა აღარც იმას ეთანხმება, რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს ეკუთვნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალების მონაწილეობა ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა ბავშვების მოვლა, სადილის მომზადება და სხვა სახლის საქმეები, ისევ მაღალია.

ათწლეულების წინანდელ პერიოდისგან განსხვავებით, შეცვლილია დამოკიდებულება ბავშვებთან დაკავშირებით. როგორც კაცები, ისე ქალები თვლიან, რომ ბავშვის გაზრდა ორივე მშობლის საქმეა. საზოგადოებრივი დამოკიდებულების გამო კი კარიერის შექმნაში ქალებს გაცილებით მეტი ბარიერის და სირთულის გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს.

ოჯახური მოვალეობების შესრულება მათთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის გზაზე. მიუხედავად გენდერული თანასწორობის აქტუალური განხილვისა, მაინც მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის რიცხვი, მკვლელობების, თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები.

აუცილებელია სისტემატურად დავგმოთ ქალთა დისკრიმინაცია, ვაღიაროთ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და მივმართოთ ძალისხმევას პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.  ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა და ძალადობის შემთხვევებზე არ გაჩუმდნენ.

მოძალადესთვის გადამწყვეტი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება და მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები, რაც ეტაპობრივად პოტენციურ დამნაშავეებს საკუთარ ქმედებებზე დააფიქრებს. მოძალადე კაცებს ჰგონიათ რომ ქალი მისი საკუთრებაა, არასდროს ისე არ მოექცევიან, როგორც მეგობარს, მეზობელს, თანამშრომელს, როგორც ოჯახში ცოლს და შვილს. მოძალადეს იცით რა აძლიერებს? ის რომ მას არავინ კიცხავს.

ხალხო, მეგობრებო, არ გაუღიმოთ მოძალადეს, აგრძნობინეთ, რომ ძალადობა დანაშაულია.  ქალებს კი მოვუწოდებ, რომ მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინონ, ხმა ამოიღონ და დაუყონებლივ გაშორდნენ ძალადობრივ გარემოს.  არ მოითმინოთ ჩაგვრა, იფიქრეთ ჯერ საკუთარ თავზე!

თეა კალატოზი

About Author

დაკავშირებული პოსტები