ქარელში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ერთჯერდი ფულადი დახმარება გათვალისწინებული არ არის. ეს ინფორმაცია “ქართულ მედია ჯგუფს” ქარელის მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს. უწყებამ GMG-ს ეს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის მოთხოვნის საპასუხოდ გაუგზავნა, სადაც განმარტავს, რომ ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად საჭირო თანხებს მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.
“იქიდან გამომდინარე, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამას, გენდერული თანასწორობის საბჭომ აწარმოა სამიზნე წლის (2022 წელი) კვლევა, მოვიძიეთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, ვსწავლობთ სხვა მუნიციპალიტეტების პროგრამის შინაარსს, რომელთა ბიუჯეტი ითვალისწინებს მსგავს პროგრამას, მათ გამოცდილებას და მაგალითებს. კვლევის დასრულების შემდეგ გავამზადებთ პროგრამის ნიმუშს, შენიშვნებს და შესაბამისი წერილით მივმართავთ მუნიციპალიტეტის მერიას, რათა 2024 წლის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა”, – წერია ქარელის მუნიციპალიტეტიდან მითებულ წერილში.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა (ერთჯერადი ფულადი დახმარება), მოქმედებს გორში, ხაშურსა და კასპში. მათგან ყველაზე მეტ თანხას, 500 ლარის ოდენობით, სამიზნე ბენეფიციარებზე ხაშურის მუნიციპალიტეტი გასცემს. გორის მუნიციპალიტეტში დახმარება 350 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, კასპში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ერთჯერდად 300 ლარით ეხმარებიან.