მთავარი სიახლეები ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ქალების ფიზიკური მომზადება აუცილებელია – თამარ მირზაშვილი

ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ქალების ფიზიკური მომზადება აუცილებელია – თამარ მირზაშვილი

by GMG

საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენის შედეგად, არაერთი ახალგაზრდა აღმოჩნდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. რამდენად მომზადებულები არიან ამ მხრივ ქალები, კრიზისული სიტუაციებისთვის? ამ საკითხზე მსჯელობისას საინტერესოა,  თამარ მირზაშვილის აგალითის განხილვა, რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისე სამხედრო სწავლების პროცესში, რითიც როგორც თავად ამბობს საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც ზრდის.

თამარი არ არის პროფესიონალი სამხედრო, ის უბრალოდ მოქალაქეა, რომელმაც გადაწყვიტა ფიზიკური და მენტალური გამძლეობა რეალურ გამოწვევებში გამოსცადოს.  როგორ დაძლია სტერეოტიპები, რა აღმოჩენები გააკეთა საკუთარ თავში და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალებსაც ჰქონდეთ საბაზისო თავდაცვითი განათლება? – ამ თემებზე მკითხველს ის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

თამარ, პირველ რიგში გვითხარი როდის და რამ გამოიწვია შენი დაინტერესება, რომ ამ სწავლებაში ჩართულიყავი და რა იყო შენი მიზანი?

  • რამდენიმე წელია რაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ შესახებ შევიტყვე, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, ვერ ვახერხებდი საბაზისო კურსის გავლას. ჯანსაღი ცხოვრების წესმა და ვარჯიშმა განაპირობა შემდგომი დაინტერესება ისეთი დისციპლინების მიმართ, როგორიცაა სამხედრო საბაზისო ცოდნის მიღება და ფიზიკური დატვირთვისა და ბარიერების გადალახვის დროს საკუთარი თავის გამოცდა. ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კი დამარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია ქალებიც იყვნენ მომზადებულნი ფიზიკური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით, ამიტომ ამ კურსის გავლა აღარ გადავდე. სამწუხაროდ ხშირად ზედმეტად ვართ კომფორტის ზონაში და გვავიწყდება ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ – ტერიტორიული ოკუპაცია და მუდმივი საფრთხე. ამიტომ გავზარდე ჩემი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა. „აისის“ მოხალისეობრივი კურსი კარგი საწყისია ამ პასუხისმგებლობის რეალობაში გასახორციელებლად.

ამ დროს რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ქალების მიმართ? იმოქმედა თუ შენზე ვინმეს გავლენამ, როდესაც ეს გადაწყვეტილება ახლობლებში გააჟღერე?

  • სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი და სუსტი, რომ მას ფიზიკური გამძლეობა არ მოეთხოვება და ძალის გამოყენება “არ შეეფერება” სამწუხაროდ, დღემდე ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში. ჩემთვის ასეთი სახის ბარიერები საბედნიეროდ არ არსებობს. უბრალოდ ასე გავიზარდე. კურსის განმავლობაში ჩემთან ბევრმა გოგონამ გამოხატა სურვილი, მიეღოთ მსგავსი სახის გამოცდილება, რაც უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ეს სტერეოტიპული გავლენები ძალას კარგავს და ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯი გადადგა და იყო მაგალითი სხვა ქალებისთვისაც.

რა გამოცდილებას იღებს გოგო/ქალი რთული ფიზიკური დატვირთვით, რისთვის შეიძლება დასჭირდეს მას ეს ყველაფერი, თუ ის არ აპირებს შეიარაღებულ ძალებში საქმიანობის გაგრძელებას?

  • ეს გამოცდილება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სამხედრო-სალაშქრო მომზადება. როცა რამდენიმე საათიანი მარში გაქვს მძიმე ზურგჩანთით, სიცივესა და ყინვაში გიწევს ვარჯიში, როცა მეთაურს ემორჩილები, შენ უყურებ საკუთარ თავს სრულიად ახალ კონტექსტში. ეს ყველაფერი ავითარებს ნებისყოფას, პასუხისმგებლობას, მენტალურ სიმტკიცეს და გუნდურობას. ეს უნარები ნებისმიერ ქალს სჭირდება რომელი პროფესიისაც არ უნდა იყოს ის. არ გჭირდება ჯარში ყოფნა, იმისთვის რომ გქონდეს მომზადება ექსტრემალურ პირობებში გადასარჩენად, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში. ამ აზრის განსამტკიცებლად ჩვენი ქვეყნის რეალობაში ძალიან კარგი მაგალითი იქნება აფხაზეთის ომი, როდესაც ქალებს მოუწიათ ტყეში ქედებზე, ყინვაში თავის შვილებთან ერთად ძალიან ბევრი კილომეტრის გავლა. წარმოიდგინეთ ამ ქალებს რომ საბაზისო ცოდნა და მომზადება ჰქონოდათ, მათთვის ეს საშინელი პირობები მეტად შემსუბუქდებოდა.

რა ეტაპებს გადიხარ სწავლების პროცესში? რამდენად რთულია და რა შეცვალა შენ ცხოვრებაში იქ მიღებულმა გამოცდილებამ? საკუთარ თავში რა აღმოაჩინე, იქ მყოფი ქალების შემართება როგორია და არის თუ არა ქალი მართლა “სუსტი არსება,” როგორც ამას ჩვენი წინაპრები ავრცელებდნენ?

  • ეს კურსი მოიცავს ფიზიკურ დატვირთვებს, სხვადასხვა სწავლებებს, ორიენტაციის უნარის გამომუშავებას, პირველადი დახმარების ცოდნას, გუნდურ დავალებებს, რაც ძალიან საინტერესოა. რთული მხოლოს ისაა, როცა ფიზიკური დატვირთვის დროს გიწევს შენი ლიმიტის გადაკვეთა, თუმცა როდესაც ყველაფერს გაივლი მოდის უდიდესი სიამოვნება და კმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ. ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა, რომლის არსებობაც ჯერ არ ვიცოდი. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ღამე ტყეში და უამინდობაში 32 კილომეტრის გავლა შემეძლო. ამას ვერც წარმოვიდგენდი. რაც შეეხება სხვა ქალებს, ისინიც ასეთივე ენერგიით არიან. ზოგი ჩემსავით პირველად იყო ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მათი თვალებიდან მუხტი მთელი ღამის განმავლობაში არ ქრებოდა. ჩემმა მეგობარმა ქეთომ საერთოდ გზის ნახევარზე მეტი ნატკენი ფეხით გაიარა. არა, ქალი სუსტი არსება არ არის! ქალი ასეთ დროს ხასიათდება სიმშვიდით, გამძლეობითა და საოცარი სტრატეგიული გონებით. ხანდახან რთულ პირობებში სწორედ ქალი ხდება ყველაზე მტკიცე.

ქალის ადგილი მარტო სამზარეულოში რომ არ არის ეს ბევრჯერ ვთქვით, თუმცა მაინტერესებს შენი აზრი ამ მოკლე დროში მიღებული გამოცდილების შედეგად, არის თუ არა მაგალითად ქალის ადგილი ჯარში, რასაც მაგალითად არაერთი ქვეყნის მაგალითზე ვხედავთ?

  • ქალის ადგილი ყველგანაა, სადაც ის აირჩევს, რომ იყოს. ბევრი ქვეყნის მაგალითი, მათ შორის საქართველოსიც აჩვენებს, რომ ქალი არა მხოლოდ სრულფასოვანი მებრძოლია, არამედ ხშირად გადამწყვეტი როლის შემსრულებელიც. ჯარში ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ იარაღით ბრძოლას. ეს ნიშნავს დისციპლინას, სტრატეგიას, მორალურ სიმტკიცეს და სამოქალაქო თავდაცვისთვის მზადყოფნას, თვისებებს, რომლებიც არანაირად არ არის სქესზე მიბმული.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები