• შაბ. ნოე 9th, 2024

“ქურთის საავადმყოფოს ექიმები ისევ ხეობელ მოსახლეობას ვემსახურებით“ – მარი ხმიადაშვილი

ByGMG

მარ 29, 2024

30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა. ამ პროფესიის მნიშვნელობა ლიახვის ხეობის მოსახლეობამ განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გააანალიზა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მოუწიათ მუშაობა წლების განმავლობაში ცხელ წერტილში ფუნქციონირებად ქურთის საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას დღეს უკვე სხვა ლოკაციაზე აგრძელებენ, თუმცა ისევ ხეობელი ხალხისთვის და ისევ “ქურთის საავადმყოფოს“ სახელით. 

როგორია ექიმი ქალის ცხოვრება, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების პერიოდში და მას შემდეგ რაც პროფესიული მოვალეობის გაგრძელება იძულებით, სხვა რეგიონში გიწევს. სწორედ ამ საკითხებს გვიზიარებს “ქურთის საავადმყოფოს” ექიმი, მარი ხმიადაშვილი, რომელმაც ეს პროფესია, საკმაოდ რთულ დროს და რთულ ადგილას აირჩია. 

თავდაპირველად გაგვიზიარეთ როდის მიხვდით, რომ ამ სფეროში გინდოდათ საქმიანობა და როგორი იყო პირველი ნაბიჯები, სად დაიწყეთ პირველად მუშაობა და რა გამოწვევები გახსენდებათ, რაც თვლით რომ სირთულეებით გადალახეთ?

– მედიცინაში ინერციით მოვხვდი, ცხინვალის პირველი საშუალო სკოლა მედალზე დავამთავრე და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე ახლობლების რჩევით, რადგან 17 წლისას ნამდვილად არ მქონდა სრულად გააზრებული, არც მომავალი პროფესია და არც გამოწვევები, რაც შეიძლებოდა ამ პროფესიაში მქონოდა. ჩემი სტუდენტობის პერიოდი 90-ანი წლების პირველი ნახევარია, რომელიც სულ სხვა რეალობის, სხვა ქვეყნის (სსრკ-დან საქართველოს რესპუბლიკის) და სხვა ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა. ამ წლებმა თავდაყირა დააყენა არა მარტო ჩემი, არამედ ზოგადი წარმოდგენები მომავალზე, პროფესიაზე, ქვეყანაზე და პიროვნების როლზე ზოგადად. რომ არა ეს წლები, ალბათ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი და არა მარტო ჩემი მომავალი, მაგრამ რადგან უკვე დაოჯახებული და თანაც გოგონას დედა ვიყავი, სტაბილურობა (მოთხოვნადი პროფესია) ვარჩიე. ასე გავხდი ექიმი თერაპევტი და ჩემი პირველი და დღემდე უპირველესი სამსახური დავიწყე მაშინდელ ცხელ წერტილში, ქურთის საავადმყოფოში.


1992 წლის 1 აგვისტოს გამოვცხადდი ჩემს პირველ სამუშაო ადგილზე და მას შემდეგ დღემდე შპს ქურთის საავადმყოფოს ექიმობაა ჩემთვის უპირველესი, პრიორიტეტი და საამაყოა, რადგან აქ ავიდგი ფეხი, როგორც თერაპევტმა, აწ განსვენებულის, ბატონი შალვა მაისურაძის დახმარებით და აქვე მოხდა ჩემი, როგორც გადაუდებელი მედიცინის მუშაკის “ნათლობა” საავადმყოფოს დირექტორის, ბატონ გელა ჭულუხაძის ხელმძღვანელობით.

გაიხსენეთ 2008 წლამდე თქვენი საქმიანობა, როგორ გახსენდებათ მაგალითად ქურთის საავადმყოფო, რამდენი ადამიანი მუშაობდა დაახლოებით, რა მძიმე შემთხვევები გახსენდებათ იმ პერიოდიდან და რა დატვირთვა ჰქონდა ამ დაწესებულებას იმ კონფლიქტის ფონზე, რაც მანამდე ვითარდებოდა ხეობაში?

– 1992-2008 წლები, დიდი ლიახვის ხეობა, ქურთის საავადმყოფო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა განუყოფელი ცნებებია ჩემი გადმოსახედიდან, და ამ პროცესებში ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკი მე და ჩემი მეგობრებიც ვიყავით.

ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისათვის ავადმყოფობასთან, სიკვდილთან, ოკუპაციასთან და ცხინვალში ჩემი სახლის მონატრებისა და ბავშვობის სურნელთან შერწყმული გრძნობების ფონზე მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ექიმობა გადაჭდობილი იყო პოლიტიკურ სიტუაციასთან, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ ადამიანურობა, ჰუმანურობა და ექიმობა წინ დავაყენო.

დევნილობაში, როგორ გააგრძელეთ საქმიანობა, რა ბარიერები და სირთულეები გაიარეთ, როდის დაბრუნდით ამ სფეროს და რა პარალელებს გაავლებდით ამჟამინდელ და მაშინდელ საავადმყოფოებს შორის?

ბედნიერი ვარ იმით, რომ დღემდე ქურთის საავადმყოფოს თანამშრომელი მქვია და ისევ დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობას, (ამჟამად დევნილობაში მყოფ) ვემსახურები, რაც უპირატესად ჩვენი დირექტორის, ბატონ გელაჭულუხაძის დამსახურებაა. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია ის, რომ გარდა სახელისა, წლების განმავლობაში მთლიანად იქნა შენარჩუნებული ის “ძველი გვარდია” რომლებიც სხვადასხვა რაიონში განსახლების მიუხედავად, ითვლებოდნენ ქურთის საავადმყოფოს თანამშრომლებლად და ასევე ღირსეულად აგრძელებდნენ პროფესიულ მოვალეობას.

რა უნარები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ ამ სფეროში წარმატებით საქმიანობდეს, როგორ უთავსებთ ოჯახს და პროფესიას ერთმანეთთან?


– მე მალე პენსიონერი ვიქნები, მაგრამ დღემდე ასეა, თუ გინდა იყო პროფესიონალი, უნდა შეიყვარო შენი საქმე. სულ ესაა. ცოტა ძნელია ერთდროულად კარგი დიასახლისი და კარგი ექიმი იყო, ყოველთვის გიწევს კომპრომისზე წასვლა, იდეალური არ ვარ, რა თქმა უნდა, დღემდე ვმუშაობ, ვსწავლობ, ვვითარდები პროფესიულად, არც ჰობის ვღალატობ და ტურიზმით სერიოზულად ვარ გატაცებული.


გიფიქრიათ თუ არა, რომ ამ საქმემ გადაგღალათ და თავი უნდა დაანებოთ? როგორია სამედიცინო სფეროს ყოველდღიურობა. ექიმის, ექთნის ცხოვრება რა სირთულეებს უკავშირდება და ახალბედა მედიკოსებისთვის რა მესიჯებს გააჟღერებთ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, როდესაც ამ პროფესიას ირჩევენ?

საყვარელი საქმე არასოდეს არ დაგღლის, არც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გადაგტვირთავს რა შემიძლია ახალბედებს ვურჩიო? აირჩიეთ პროფესია სიყვარულით, გიყვარდეთ თქვენი საქმე და თქვენი თავი​ პორველ რიგში. “სიყვარული დედამიწას ატრიალებს”.

About Author

By GMG