ხაშურში “ქალთა ოთახი” იხსნება. ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიას დაექვემდებარება და ერთგგვარი საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი იქნება. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ლიპარტელიანის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების დახმარება, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში.
“ქალთა ოთახი გაზრდის და წაახალისებს ქალების და მამაკაცების თანაბარ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს და მერიის სხდომებზე, ასევე დასახლების საერთო კრებებში მონაწილეობა და ა.შ.)”, – აღნიშნა მან.
“ქალთა ოთახის“ საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს შესთავაზებს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.
ქალებს ამ სივრცეში შეეძლებათ შეხვედრების ჩატარება, ინიციატივების გაჟღერება, ექნებათ საშუალება ისარგებლონ “ქალთა ოთახის” სერვისებით და მიიღონ კონსულტაცია მათთვის საჭირო საკითხებზე.
“ქალთა ოთახი” პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის ინიციატივით, უკვე ფუნქციონირებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მისი გახსნა შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.