მთავარი სიახლეები 2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი  ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი  ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

by GMG

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 3 694 603 ადამიანი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 841 722 ადამიანი – 17 წლამდე ასაკის, ხოლო 2 852 881 სრულწლოვან მოქალაქეს წარმოადგენდა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოქტომბერში გამოქვეყნებული რიცხვი კი (18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირები) 3  495 789 -ს შეადგენს. აქედან არჩევნებზე ხმის მისაცემად 2 060 412 მოქალაქე დაფიქსირდა. 961 751 – ქალი (27.51%) კაცი – 1 098661 (31.43%).

ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოში სქესის მიხედვით – ცესკო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ამომრჩევლებს შორის აქტივობით ისევ კაცები გამოირჩევიან, ერთიან სიაშიც ისინი ჭარბობენ.  სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა.

რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად, შიდა ქართლში 235 715 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც მივიდა 140 707 (59, 69%) მოქალაქე. აქედან 59 647 ქალი (25.3%) ხოლო 104 129 (34.39%) კაცი ამომრჩეველი იყო.

რეალურად, რამდენი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში გახსნილ უბნებზე –  ეს საკითხი დღესდღეობით სადაო თემას წარმოადგენს, რადგან დამკვირვებელელთა ჯგუფები გამოვლენილ დარღვევებზე და მონაცემების ხელოვნურად გაზრდაზე მიუთითებენ.  

რაც შეეხება მანამდე ჩატარებულ არჩევნებს, 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, 1 მლნ 874 ათას 227 (53,59%) ქალი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 922 ათას 414 -მა  მათგანმა მიიღო (50.8%), ანუ თითქმის ნახევარ მილიონამდე ქალს (49,45%) ხმის უფლება არ გამოუყენებია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2010-2020 წლებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 516 465 შეადგენდა, სხვა კვლევებით (PMCG – კვლევითი ორგანიზაცია, 2020)  კი ეს რიცხვი 861 000-დან 1.6 მილიონამდე მერყეობს. 

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე. 

სქესის მიხედვით ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა  რთულია, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 50 წლისა და უფროსი ასაკის ემიგრანტი ქალების რაოდენობა,  შესაბამისი ასაკის ემიგრანტი მამაკაცების რიცხვს ბევრად აღემატება.

ქართველ მიგრანტებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია მხოლოდ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპის ქვეყნებში კი (გარდა პოლონეთისა), მათ შორის თითქმის 70% ქალია. საზღვარგარეთ, მათი ძირითადი სამუშაო საოჯახო საქმეებში დახმარება და მოხუცების მოვლაა. დღის წესრიგი კი, თითქმის 24 საათიანი რეჟიმშით, რადიკალურად განსხვავდება მშობლიურ მხარეში დასაქმებული ქალების ყოველდღიურობისგან.

ეს გარემოება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რის გამოც სამშობლოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წასული ქალები ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და წლების განმავლობაში მათი ხმა იკარგება.

საზღვარგარეთ დასაქმებული ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის დოვლათის შექმნაშიც. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 4 მლრდ 120  მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს შეადგეს. 2022 წელს კი უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა საქართველოში 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9%-ია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ელექტორატის უმრავლესობას ქალები შეადგენენ გამოდის, რომ ეს ადამიანები უხეშად რომ ვთქვათ,  ფაქტობრივად სამშობლოს არჩენენ და ამ დროს ვერ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ კუთხით ადგილი აქვს ხელოვნურ ბარიერებსაც, რაც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოჩნდა, როდესაც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო უბნები არ გაუხსნეს.

მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”

About Author

დაკავშირებული პოსტები