მთავარი ბლოგი დედებს ხელშეწყობა არ აქვთ, შვილების გაზრდას განვითარება შეუთავსონ – ანი ქავთარაძე

დედებს ხელშეწყობა არ აქვთ, შვილების გაზრდას განვითარება შეუთავსონ – ანი ქავთარაძე

by GMG

ქართველი ქალის ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი და დაფასებული, თუმცა მეგონა, რომ მე არ მომიწევდა იმ ბარიერებთან ბრძოლა, რომლის წინაშეც ქალების ძალიან დიდი ნაწილი დგას. პირველად მაშინ ვიგრძენი თავი დაუცველად, როცა არჩევანის წინაშე დავდექი – ვყოფილიყავი დედა თუ შემდგარი ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი კარიერა და აქტიურადაა ჩართული მისთვის სასურველ და საჭირო პროცესებში. ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება არ მსურდა, რადგან ორივე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ერთმანეთთან შეთავსება კი – თითქმის შეუძლებელი. ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება, საკუთარი შემოსავლის არ ქონა, დაუსრულებელი საოჯახო საქმეები და ჩაკეტილობის განცდა იყო ის ფაქტორები, რამაც ფსიქოლოგიურად დიდი ზიანი მომაყენა.

ამ პერიოდს დაემთხვა სტუდენტობის ბოლო 2 წელი, როცა ჩვილთან ერთად მიწევდა გამოცდებზე სიარული. ამ პირობებში სამსახურში დაბრუნება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მუდმივად ვიყავი ისეთი ვაკანსიების ძიებაში, რაც დედობასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას მომცემდა, თუმცა შედეგი არ ჰქონდა. ანაზღაურებასთან შეუსაბამო და მოუქნელი სამუშაო გრაფიკი საზოგადოებაში რეალიზების საშუალებას არ მაძლევდა. დღესდღეობით არ არსებობს(ან ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის ) ისეთი პროგრამა, რაც ქალების, მით უფრო დედების დასაქმებას, მათ საზოგადოებაში რეალიზებას და აქტივიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რის გამოც მათ უწევთ საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა და მოკლებულნი არიან კარიერული განვითარების პერსპექტივას.

არანაკლებ პრობლემურია ასეთი ქალების მიმართ მუდმივი დაუფასებლობა და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ისინი ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებით ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, რადგან ფინანსურად დამოუკიდებლები არ არიან. პრობლემები, რაზეც ვისაუბრე , საზოგადოა და მხოლოდ კონკრეტულ ქალებს არ ეხება. აღნიშნული ბარიერების დაძლევა უდიდეს ხელშეწყობას და ძალისხმევას საჭიროებს, რათა დედები, დიასახლისები, თავისუფლად რეალიზდნენ სოციუმში და აღარ მოუწიოთ იგივე არჩევანის წინაშე დადგომა, როგორც, მე 2 წლის წინ.

ქალებს კი მოვუწოდებ, არ შეწყვიტონ მიზნისათვის ბრძოლა, განვითარებისკენ სწრაფვა, არ დაყარონ ფარ-ხმალი, რადგან სწორედ ჩვენშია ის ძალა, რაც არა მხოლოდ პირად კეთილდღეობას, არამედ არაერთ საზოგადო საკითხს უკეთესობისკენ შეცვლის.

ანი ქავთარაძე

About Author

დაკავშირებული პოსტები