საზოგადოებაში ხშირად მიაჩნიათ, რომ სკოლის დირექტორობა მხოლოდ რუტინული, შრომატევადი ადმინისტრაციული საქმიანობაა, რომელიც პიროვნებას შემოქმედებითი განვითარების დროს აღარ უტოვებს. თუმცა, გორის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ედიშერაშვილი ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს. გადაცემაში “ქალის ხმა“ მან ღიად ისაუბრა საკუთარ მრავალმხრივ გამოცდილებაზე და დაგვანახა, რომ მომთხოვნი ხელმძღვანელის უკან ნოვატორი, მეწარმე და ხელოვნების მოყვარული ადამიანი დგას. მისი თქმით, სწორედ შემოქმედებითი მიდგომები ეხმარება მას სკოლის მართვის რუტინული პროცესების გამარტივებასა და მუდმივი ენერგიის შენარჩუნებაში.
განათლების სფეროში მოღვაწეობა მისი ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა. 80-90-იან წლებში საზოგადოებაში არსებობდა მყარი წარმოდგენა ქალის პროფესიებთან დაკავშირებით. “ყველა კარგი მოსწავლე ან ექიმი უნდა გამოსულიყო ან იურისტი. დედას ოცნება იყო, რომ კარგი ექიმი, პედიატრი ვყოფილიყავი“, – იხსენებს ის. მისი ნამდვილი გატაცება კი დიზაინერობა იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. იმდროინდელი სტერეოტიპული აღქმით, „პედაგოგობა ქალისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესია არისო, იმიტომ რომ ნახევარი დღე მუშაობდა, ნახევარი ოჯახის საქმესაც კარგად მიხედავო“. მიუხედავად ამ მიდგომისა, როგორც გამოკვეთილმა მაქსიმალისტმა, მან უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და მასწავლებლობის გზას უდიდესი პასუხისმგებლობით შეუდგა.
დირექტორობის პარალელურად, ნანა ედიშერაშვილმა მაინც შეძლო თავისი შემოქმედებითი ბუნების რეალიზება. ბუნებისა და ფერების სიყვარულმა იგი ვარდების კოლექციონერობამდე მიიყვანა და დღეს მის ეზოში 200-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ვარდი ხარობს. ეს გატაცება მან სკოლაშიც შეიტანა — მოსწავლეებთან ერთად შექმნა სოციალური საწარმო „ედუ გარდენი“ და ვარდების სანერგე მოაწყო. გარდა ამისა, მან ბავშვობის ოცნებაც აისრულა და დააარსა საკუთარი ბრენდი „ედნა“, რომელიც ორიგინალურ, ხელით ნაქსოვ ნივთებსა და ჩანთებს ქმნის. როგორც თავად აღნიშნავს, ეს წამოწყება ერთგვარი ექსპერიმენტია, რომლის მიზანიც სამომავლოდ „40+“ ასაკის ქალბატონებისთვის დასაქმებისა და თვითრეალიზაციის სივრცის შექმნაა.
ნანა ედიშერაშვილი არა მხოლოდ ტრადიციული პედაგოგი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელია. ის “AI გლობალური განათლების ასოციაციის“ წევრია და ხელოვნურ ინტელექტს, როგორც სკოლის მართვის, ისე სასწავლო პროცესის დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნევს. „ჩემს იდეებში უფრო თავდაჯერებული ვხდები და ამ ინტერაქციაში… უფრო მეტად პროდუქტიული ხდება ჩემი გონება“, – აღნიშნავს ის. მიუხედავად ტექნოლოგიების სიმძლავრისა, დირექტორს მყარად სწამს, რომ არსებობს რაღაც, რასაც AI ვერასოდეს შეცვლის: „დაინახო ბავშვი, შეაფასო მისი რეალური საჭიროებები, მისცე კარგი მაგალითი ადამიანურობის და გქონდეს ჯანსაღი, გახსნილი და ლაღი ურთიერთობები სასკოლო საზოგადოებასთან – ამას ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს“.
თავისი საქმიანობითა და ცხოვრების წესით, ის მუდმივად ამტკიცებს, რომ ქალს შეუძლია წარმატებით შეუთავსოს ერთმანეთს კარიერა, ოჯახი და პირადი ინტერესები. მიაჩნია, რომ გარემოებების მიუხედავად, ქალმა საკუთარი თავი არ უნდა დაკარგოს: „ქალს თავისი ინტერესები აქვს, თავისი სურვილები და მე ესე მგონია, რომ ის შენი შინაგანი ქალი არასოდეს არ უნდა დაკარგო და ყოველთვის უნდა გამოძებნო ის ერთი საათი, რომ შენში ეს ყველაფერი გააღვიძო და ამ მიმართულებითაც იზრუნო“. კითხვაზე, თუ რა არის მთავარი ქალის წარმატებისთვის, ნანა ედიშერაშვილის პასუხი მოკლე, მაგრამ ძალიან შთამაგონებელია: „ალბათ გამბედაობა – ყოველთვის უნდა გეყოს ადამიანს გამბედაობა, რომ გადადგა ახალი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში“.
