მთავარი სიახლეები კატო მიქელაძის გაზეთი, “ხმა ქართველი ქალისა” გორში, “ქართულმა მედია ჯგუფმა” აღადგინა

კატო მიქელაძის გაზეთი, “ხმა ქართველი ქალისა” გორში, “ქართულმა მედია ჯგუფმა” აღადგინა

by GMG

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, კატო მიქელაძის გაზეთი “ქართულმა მედია ჯგუფმა” გააცოცხლა.გაზეთის აღდგენის იდეა ერთ-ერთ ტრენინგზე გაჩნდა, რომლის განხორციელებაც “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. გაზეთის პრეზენტაცია დღეს, “ქართული ჟურნალისტიკის დღეს”, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდაპირველად დაიბეჭდება 6 ნომერი 100 ცალიანი ტირაჟით, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. გაზეთი თვეში ერხელ გამოიცემა და უფასოდ გავრცელდება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. მისი არქივი კი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს, „ქართული მედია ჯგუფის” ვებ-გვერდზე, Feminism.ge-ზე შეეძლებათ.

ორგანიზაცია ადგილობრივ და ცენტრში მოქმედ უფლებადამცველებთან თანამშრომლობს, რომელთა საქმიანობასაც პარტნიორობის ფარგლებში, პერიოდულად გაზეთის ფურცლებიდანაც გაგაცნობთ.

ყველა ნომერში კატო მიქელაძის დროინდელი გამოცემიდან ამონარიდები დაიბეჭდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჩართულობის კუთხით, მათ ისტორილულ მოღვაწეობას.

„ქართული მედია ჯგუფის” მიერ აღდგენილ 8 გვერდიან გაზეთში, კატო მიქელაძის გამოცემის იერ-სახეა შენარჩუნებული, რაც თავის მხრივ, სიძველის ეფექტს მოახდენს მკითხველზე.

“ქართული მედია ჯგუფის” განმარტებით, გამოცემის აღდგენის მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალების შესახებ ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცეს და მათი ჩართულობით მიმდინარე მოვლენები ისტორიამ შემოინახოს.

1917-1918 წლებში, ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფემინისტი და პუბლიცისტი კატო (ეკატერინე) მიქელაძე (1878-1942). გაზეთს გამოსცემდა ქუთაისის ქალთა კლუბი, 1918 წლიდან კი “ინტერპარტიული ქალთა ლიგა”. იმ პერიოდში სულ გაზეთის 50 ნომერი გამოიცა.

About Author

დაკავშირებული პოსტები