საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში მცხოვრები ქალებისთვის დღეს ტრენინგი ჩატარდა თემაზე, “ლიდერი ქალები პოზიტიური ცვლილებებისთვის ოჯახსა და საზოგადოებაში”. შეხვედრას “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური უძღვებოდა, რომელმაც თავდაპირველად აღნიშნულ საკითხზე შეკრებულ ქალებს, საკუთარი მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. ტრენინგის მონაწილეებმა განსხვავებული დამოკიდებულებები გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ქალებს ლიდერული უნარების გამოყენებისას, განსაკუთრებით კი სოფლად, მთელი რიგი ბარიერების გადალახვა უწევთ.
შეხვედრას მასპინძლობდა “შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის”, რომელმაც ქალებს აღნიშნული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით მისცა. შეხვედრის მონაწილეებმა პირადი მაგალითების განხილვით, ლიდერის მახასიათებელ უნარებზე იმსჯელეს და ცვლილებებისთვის მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ტრენინგის მეორე ნაწილი უკვე თემის საჭიროებებში ლიდერი ქალების ჩართულობის შესაძლებლობებს დაეთმო. ქალებმა სოფლის პრობლემები ჩამოწერეს და სიმულაციური სავარჯიშოს მეშვეობით, ეფექტური კომუნიკაციის უნარებიც მოსინჯეს.
საუბარი შეეხო ასევე დასახლების საერთო კრებებში, კანონით მინიჭებულ უფლებებს, რითიც ქალები, არაინფორმირებულობის გამო ვერ სარგებლობენ.
შეხვედრა ფილმის ჩვენებით დასრულდა, რის შედეგადაც ტრენინგის მონაწილეებმა, ლიდერი ქალის მიერ განვლილ გზაზე არსებული დაბრკოლებები და გამოწვევები შეაჯამეს.