მოხისის დევნილთა დასახლებაში წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ეს საკითხი აქ მცხოვრები იძულებით გადადგილებული პირებისთვის განსაკუთრებით გაზაფხულის სეზონიდან ხდება აქტუალური. მათი თქმით მოხმარების საჭიროება იზრდება რესურსი კი არასაკმარისია.
“წყალთან დაკავშირებით პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იწყება, ამ დროს წყალს უფრო მეტს მოიხმარენ, ვეჭვობთ ხდება კალაპოტის სპეციალურად დაბინძურება.თუ დასახლებამდე მოვიდა სასმელი წყალი, მერე იწყებენ ბაღების მორწყვას, რაც ასევე პრობლემაა. მოგეხსენებათ წყლის გარეშე რა ძნელია, განსაკუთრებით ქალებისთვის, დიასახლისებისთვის, უამრავი საქმეა გასაკეთებელი,“-ამბობენ დევნილი ქალები.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, რომ მოხისის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლებს წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მათთვის არ მიუმართავთ.
“მოხისის დევნილთა დასახლებაში მოწყობილია სპეციალური ჭაბურღილი, სასმელი წყლისთვის და მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი, გარდა ამისა, ერთი თვის წინ მუნიციპალიტეტის მერს დასახლებაში ჰქონდა შეხვედრა, მათ წყალთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დაუყენებიათ,“-აღნიშნა მერის მოადგილემ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის სიახლოვეს, ზნაურის რაიონიდან დევნილი, დაახლოებით სამოცი ოჯახი ცხოვრობს. ქართველი და ეთნიკურად ოსი მოსახლეობა აქ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაასახლეს. მათივე თქმით, დასახლებაში დასასვენებელი და სპორტული სივრცეების საჭიროებაც დგას, თუმცა ამ დროისთვის ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას დასახლებას ჯერჯერობით ვერავინ ჰპირდება.