26 აპრილს, 15:00 საათზე სოფელ ერგნეთში ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით, “ჩემი სოფლის ქალი“. ფოტოგამოფენაზე წრმოდგენილი იქნება სოფლად მცხოვრები ქალების ამსახველი ფოტოების კოლექცია, რომლებიც დღემდე მხოლოდ მათ საოჯახო არქივებში ინახებოდა. ფოტოებზე აღბეჭდილია როგორც ამ ქალების ყოველდღიური ყოფა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ისე მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეული ცხოვრებისეული მომენტები. ღონისძიების ორგანიზატორია “ფონდი ტასო”.
“გამოფენა მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას სოფლად მცხოვრები ქალების ჩვეულებრივი გამოცდილებების უნიკალურობას, წარმოაჩინოს სოფლის ცხოვრების სილამაზე და მრავალფეროვნება, დააფასოს იმ ქალების ღვაწლი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემების ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებაში. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებში იხილავთ ქალებს, რომლებიც სოფლის ცხოვრებაში საკუთარ საქმიანობას პირნათლად ეწეოდნენ: მუშაობდნენ მინდვრებში, ზრუნავდნენ ოჯახის წევრებზე, ამზადებდნენ კერძებს, მართავდნენ ტრანსპორტს, გამოჰყავდათ ფუტკრის ახალი ჯიშები, კურნავდნენ ავადობებს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. თითოეულ ფოტოს ერთვის მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ამბავს ქალის ან მოცემული ფოტოს შესახებ”, – განმარტავენ ორგანიზატორები.
გამოფენის მსვლელობისას, მნახველებს შეეძლებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები სოფლის ქალების ცხოვრებასა და გამოცდილებაზე, გაიხსენონ საინტერესო მაგალითები, როდესაც სოფლად მცხოვრები ქალების წვლილი შეუმჩნეველი ან პირიქით, დაფასებული იყო. ადგილზე ყველა მნახველს ექნება შესაძლებლობა, წერილობით გაგვიზიაროს შთაბეჭდილებები ან/და გაამდიდროს ჩვენი საგამოფენო კოლექცია ახალი ფოტოებითა და ისტორიებით.
ორგანიზატორების თქმით, ფოტოგამოფენა “ჩემი სოფლის ქალი“ ხაზს უსვამს სოფლის ქალების მედეგობას, სიძლიერესა და შემოქმედებითობას – მათ უნარს, ყველა დროსა და მოცემულობაში შეუპოვრად და ამავე დროს, შეუდარებელი სიმხნევით იბრძოლონ საკუთარი თემის კეთილდღეობისთვის.