მთავარი რეპორტაჟი “ჩვენ უკვე გვყავს 500-მდე ქალი შიდა ქართლში ახალი შესაძლებლობებით და ხედვებით” – GMG

“ჩვენ უკვე გვყავს 500-მდე ქალი შიდა ქართლში ახალი შესაძლებლობებით და ხედვებით” – GMG

by GMG

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ინფორმაციაზე წვდომა და საკუთარი უფლებების რეალიზება ხშირად გადაულახავ ბარიერად რჩება. შიდა ქართლში “ქართული მედია ჯგუფის” ჩატარებული შეხვედრები სწორედ ამ პრობლემის დაძლევას ისახავდა მიზნად.

ნებისმიერი სისტემური ცვლილება პრობლემის ადგილზე შეფასებით იწყება. “ქართული მედია ჯგუფის” ინიციატივამ აჩვენა, რომ რეგიონში ქალების ჩართულობის პოტენციალი დიდია, თუმცა მათ უბრალოდ არ აქვთ წვდომა საჭირო რესურსებზე.

„დასრულდა შეხვედრები შიდა ქართლში. 30-მდე სოფელი მოვიცავით. შევხვდით 500-მდე ქალს და გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც მათთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელი იყო. ეს შეეხებოდა მედიაწიგნიერების მიმართულებას, ასევე გავუზიარეთ მუნიციპალური პროგრამები და გავაცანით, თუ როგორ უნდა განავითარონ მეწარმეობა და სხვა საქმიანობა, რაშიც ქალები თავად არიან ჩართულები.“ – ამბობს GMG – ს ხელმძღვანელი.

განსაკუთრებით მწვავეა სიტუაცია მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოწყვლად ჯგუფებს. მრავალშვილიან დედებს, შშმ პირებს თუ ძალადობის მსხვერპლებს. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების დონეზე ხშირად არსებობს დამხმარე მექანიზმები, თუმცა ბიუროკრატიული ლაბირინთებისა და არაინფორმირებულობის გამო, ისინი ადრესატამდე ვერ აღწევს.

„პირადად მე შევხვდი სოფლად მცხოვრებ 150-ზე მეტ ქალს. მათ პირადად გავაცანი იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტები თუ სახელმწიფო სთავაზობს. რომლის არსებობის შესახებაც მათ არ იცოდნენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებმა, სოციალურად დაუცველებმა და ასევე, ხაზი გავუსვი ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდაჭერას. სასიხარულოა ერთგვარად ის, რომ მათ უკვე იციან ამის შესახებ და ისინიც გარშემომყოფებს აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას.“  – ამბობს ორგანიზაციის წევრი შორენა ბიჭიკაშვილი.

@georgianmediagroup

#CapCut

♬ Action Sport Rock Cinematic Trailer – Guz Aleksei Igorevich

GMG-მ სპეციალურად ქალებისთვიის საკუთარ პლატფორმაზე  metalab.ge ინფორმაციაზე წვდომის დამატებითი გვერდი შექმნა, სადაც ყველა მხარდაჭერის შესახებ ინფორმცია ერთადაა მოქცეული.

თანამედროვე სამყაროში ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ციფრული უსაფრთხოებაც. საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი ადამიანები ყველაზე მარტივად ხდებიან დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მსხვერპლნი. ამას ემატება გენდერული ნიშნით წარმოებული სოციალური წნეხი ციფრულ სივრცეში.

„ჩემი საპრეზენტაციო თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია და ციფრული უსაფრთხოება. სესიები იყო ინტერაქციული… განვიხილავდით კაზუსებს და ბოლოს ვიმუშავებდით საბაზისო რეკომენდაციებზე. ვფიქრობ, შეხვედრები იყო ეფექტური, რადგან მონაწილეთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ აპირებენ მიღებული გამოცდილების გაზიარებას თანასოფლელებისთვის.“ – აღნიშნა მედიაწიგნიერების ტრენერმა, ნათია სიდამონიძემ.

სოფლად მცხოვრები ქალების უმეტესობას აქვს შრომის კულტურა და აწარმოებს ადგილობრივ პროდუქტს, თუმცა არ გააჩნია გასაღების ბაზარი და ბიზნესის მართვის თანამედროვე უნარები. სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა არნიშნული შეხვედრების ერთ-ერთ მიზანს, რომელსაც ორგანიზიაციის გუნდმა ინოვაციური ნაბიჯით უპასუხა.

„შევქმენით მულტივენდორ პლატფორმა, მარკეტფლეისი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ განათავსონ საკუთარი პროდუქცია. გავუზიარეთ ჩვენ მათ ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის სიკეთეები, თუ როგორ შეიძლება მათ გამოიყენონ… არა მხოლოდ არსებული პროდუქცია გაყიდონ, რაზეც ტრადიციულად ფიქრობდნენ აქამდე, არამედ შეიძლება სრულიად ახალი იდეები გაუჩნდეთ. რაც თვისობრივად ცვლის ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოს რეგიონში.“- აღნიშნა ელექტრონული კომერციის სპეციალისტმა ოთარ კვირიკაშვილმა.

ქალები, რომლებიც ხშირად ოჯახისა და თემის მთავარი მამოძრავებელი ძალა არიან, მოწყვეტილნი რჩებიან ციფრულ სამყაროს, არ იციან მათთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების შესახებ და არ აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების რეალური ბერკეტები. თუმცა, როგორც ადგილზე პირისპირ საუბრებმა აჩვენა, სათანადო მხარდაჭერის პირობებში, სურათი სწრაფად იცვლება, სწორედ ამ სასიიკეთო ცვლილების მონაწილეა “ქართული მედია ჯგუფი, რომელმაც მოკლე დროში ასობით ქალის გადამზადება და მათთვის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზიარება შეძლო.

მასალა მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები