მთავარი სიახლეები მეწარმე ქალებისთვის გორში ეკომეგობრული ფარდაგის ქსოვის ვორქშოპი გაიმართება

მეწარმე ქალებისთვის გორში ეკომეგობრული ფარდაგის ქსოვის ვორქშოპი გაიმართება

by GMG

22 თებერვალს, ქალაქ გორში, 15:00-დან 18:00 საათამდე მეწარმე ქალებისთვის ფარდაგის ქსოვის ვორქშოპი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები მეორად ქსოვილისა და ძაფების გამოყენებით ფარდაგების ქსოვის საბაზისო წესებს გაეცნობიან.

ღონისძიების ორგანიზატორის, სოციალური მეწარმისა და გარემოსდაცვითი საკითხების ტრენერის, მარი ბენდელიანის განცხადებით, ვორქშოპის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს რესურსების ხელახლა გამოყენების პრაქტიკას და მდგრად მოდას.

“სწრაფი მოდისა და ჩვენი ჭარბი მოხმარების გამო, ყოველწლიურად ქსოვილის ინდუსტრიის მიერ წარმოებული ქსოვილების 85% ნაგავსაყრელზე ხვდება,“ – აღნიშნავს მარი ბენდელიანი და განმარტავს, რომ ინიციატივა სწორედ ამ პრობლემაზე რეაგირებას ემსახურება.

პროგრამის თანახმად, პრაქტიკული სესიის დაწყებამდე მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია რესურსების მდგრადი გამოყენების, ეკომეგობრული პრაქტიკებისა და ქართული ფარდაგის ისტორიის შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ფარდაგის ქსოვის საბაზისო წესებისა და ტრადიციების გაზიარება. ორგანიზატორის განმარტებით, ტექნიკის სირთულისა და დროის სიმცირის გამო, ვორქშოპი არ ითვალისწინებს ტრადიციული ქართული ფარდაგის ქსოვის სრულყოფილ შესწავლას. შეხვედრის მთავარი ამოცანა ხელსაქმისა და ეკომეგობრული პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეწარმე ქალებისთვის განტვირთვის შესაძლებლობის მიცემაა.

“სტუდიის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი იატაკზე ჯდომას ითვალისწინებს. მონაწილეებს სივრცეში შესვლა ფეხსაცმლის გარეშე (ან ბახილებით) მოუწევთ, შესაბამისად, რეკომენდებულია კომფორტული სამოსით გამოცხადება,“- ამბობს მარი ბენდელიანი.

ვორქშოპზე დასწრება უფასოა. ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/FVaDp

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს ელექტრონულ ფოსტაზე: mari.bende@gmail.com

About Author

დაკავშირებული პოსტები