გორის N10 საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ასევე “AI გლობალური განათლების ასოციაციის” წევრი, ნინო ჯამბაზიშვილი, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი. ეს აღიარება იმ პედაგოგებს ეძლევათ, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. კანდიდატებს სპეციალური კომისია ფარულად და მკაცრი კრიტერიუმებით აფასებს. გამარჯვებულების ვინაობა კი 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს – მასწავლებლის ეროვნულ დღეს გახდება ცნობილი.
ნინო ჯამბაზიშვილის განმარტებით, მისთვის ყველა მოსწავლე განსხვავებული და უნიკალურია. ის ცდილობს, თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმაროს. მის გაკვეთილებზე ბავშვები მხოლოდ წიგნებს არ კითხულობენ. ისინი თავად იკვლევენ, აკვირდებიან და ატარებენ ექსპერიმენტებს.
ნინო ჯამბაზიშვილი სწავლას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს. ის ბავშვებს ასწავლის, რომ იყო კარგი მოქალაქე, ნიშნავს, დაინახო პრობლემა, გამოიჩინო თანაგრძნობა და იმოქმედო. მისი მიზანია, სკოლამ ბავშვს კითხვების დასმა, საკუთარი აზრის დაცვა და გუნდური მუშაობა ასწავლოს.
2026 წელს ნინო ჯამბაზიშვილი „AI გლობალური განათლების ასოციაციის“ წევრია, რის შედეგადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესშიც აქტიურად გამოიყენოს.
„AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრობა ჩემთვის მუდმივ განვითარებას ნიშნავს. აქ დავინახე, რომ ხელოვნური ინტელექტი სწავლების ხარისხს აუმჯობესებს. AI მასწავლებელს არ ანაცვლებს. პირიქით, ის გვეხმარება, რომ დრო დავზოგოთ და მეტი ყურადღება შემოქმედებით, ბავშვზე მორგებულ სწავლებას დავუთმოთ. დღეს AI-ის ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც კომპიუტერის მოხმარება. მთავარია, ვიცოდეთ მისი ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.
მჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენება პირდაპირ აისახება ბავშვების განათლებაზე. ამიტომ, ეს წევრობა ჩემთვის ინოვაციებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ამბობს ნინო ჯამბაზიშვილი.
სწორედ ამ თანამედროვე ხედვისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო მოხვდა ნინო ჯამბაზიშვილი ეროვნული პრემიის კანდიდატებს შორის. ამის პარალელურად სკოლაში და ზოგადად მოზარდებთან ურთიერთობაში ის აქტიურად აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და მოსწავლეთა ამ მხრივ განვითარებას.
