ევროპაში მოგზაურობა არა მხოლოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი კულტურის გაცნობის საშუალებაა, არამედ პიროვნული და პროფესიული განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობაც. მსგავსი გამოცდილება მივიღე სლოვაკეთის ქალაქ Čadca-ში, სადაც მონაწილეობა მივიღე Erasmus+ პროექტში “AI და IT ხელსაწყოები ახალგაზრდებისთვის”. პროექტი ორგანიზებული იყო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია Keric-ის მიერ და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
პროექტში მონაწილეობით მე წარმოვადგენდი ორგანიზაციას Start Now, რომელიც აორგანიზებს ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებსა და ბანაკებს, ასევე მუშაობს ფორუმ თეატრების შექმნასა და პერფორმანსების წარდგენაზე სხვადასხვა რეგიონში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამგვარად, ზემოთ აღნისნული ტრენინგ კურსი ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო გამეღრმავებინა ცოდნა AI და IT ხელსაწყოების შესახებ და გამომეყენებინა ეს ცოდნა ჩემს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.
ევროპაში არაფორმალური განათლების მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს. Erasmus+ პროექტები არაფორმალური განათლების ძლიერი პლატფორმაა. პროექტის მიმდინარეობისას გვქონდა პრაქტიკული ვორქშოპები, ჯგუფური სამუშაოები და დისკუსიები, სადაც მონაწილეებს შეგვეძლო ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ასეთი ტიპის სწავლება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გვაძლევს, არამედ გვიბიძგებს რეალურად პრაქტიკაში გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია.
ტრენინგ-კურსმა საშუალება მოგვცა, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, განგვეხილა თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები და დაგვეგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. პროექტის ორგანიზატორები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული მზრუნველობითა და ყურადღებით, რაც უზრუნველყოფდა კომფორტულ გარემოს და ეფექტიან სწავლებას.
ამ ტიპის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა არა მხოლოდ ახალ ცოდნას გვაძლევს, არამედ გვაძლევს შანსს, შევიძინოთ მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, გავიცნოთ ახალი კულტურები და გავაფართოოთ ჩვენი ხედვები. პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება სასარგებლო იქნება როგორც პირადი, ასევე პროფესიული განვითარების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და განათლების სფეროში მომუშავე პირებისთვის.
ჩემთვის ეს მოგზაურობა და Erasmus+ პროექტში მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილება, რომელიც კიდევ უფრო განმავითარებს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. იმედი მაქვს, რომ მსგავსი შესაძლებლობები მომავალშიც არაერთხელ მექნება და შევძლებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას სხვებთან გაზიარებას.
თამარ ლეკიშვილი