“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილე ქალები გორის მუნიციპალიტეტის მერს და მის მოადგილეს შეხვდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და თამაზ შიოშვილმა სოფლად მცხოვრები ქალების მიერ გაჟღერებული პრობლემები მოისმინეს და სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასებები გააცნეს. შეხვედრის მთავარი თემაც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოკვეთილი ხარვეზები და შესრულებული სამუშაოები იყო.
შეხვედრას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ. დასახელებულ პრობლემებზე შეხვედრის მონაწილეებს “ქართული მედია ჯგუფის“ წარმომადგენლებმა საკუთარი იდეებიც გააცნეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლად მცხოვრებ ქალებს მხარდაჭერასა და მათი იდეების გათვალისწინებას დაჰპირდა.
“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. მოსახლეობამ უნდა იაქტიუროთ და ჩაერთოთ ამ პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა, რომ სწორედ ის პროექტები განხორციელდეს, რაც ადგილობრივების უმრავლესობას სურს. გასულ წელს თითქმის ყველა სოფელში ვიყავი პირადად ჩასული და დავესწარი შეხვედრებს. არის სოფლები, სადაც ქალბატონები აქტიურობენ და ეს ძალიან კარგია, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა იაქტიუროთ,” – განაცხადა შეხვედრაზე გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.