მთავარი გადაცემები ჩაკეტილი ოთახებიდან წარმატებულ ცხოვრებამდე – “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ შშმ პირთა გასაძლიერებლად

ჩაკეტილი ოთახებიდან წარმატებულ ცხოვრებამდე – “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ შშმ პირთა გასაძლიერებლად

by GMG

ყოველ დილით, შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში — გორში, ქარელში, ხაშურსა და კასპში, ასობით ოჯახში დღე განსაკუთრებული იმედით იწყება. 140-მდე ბავშვი და მოზარდი ყოველდღიურად მოუთმენლად ელის სპეციალურ ტრანსპორტს, რომელიც მათ საყვარელ სივრცეში, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ მიიყვანს.  ეს არის დიდი ოჯახი, რომელმაც ათასობით ადამიანს ცხოვრების აზრი, საზოგადოებას კი ინკლუზიურობის ნამდვილი გაკვეთილი დაუბრუნა.

“ქართული მედია ჯგუფის“ გადაცემაში “ქალის ხმაში” სტუმრობისას, ცენტრის დამფუძნებელმა, თინა ბრეგვაძემ ისაუბრა იმ რთულ, ტკივილით სავსე გზაზე, რომელმაც იგი დღევანდელ მისიამდე მიიყვანა.

1994 წელი მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მოულოდნელმა, ტრაგიკულმა სროლამ კარალეთთან, ახალგაზრდა, ენერგიული ექთნისა და კოსმეტოლოგის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და იგი ეტლს მიაჯაჭვა. თუმცა, ფიზიკურმა შეზღუდვამ მისი სულიერი ძალა ვერ გატეხა. ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებულმა თვეებმა და იქ ნანახმა სხვისმა ტკივილმა მასში ახალი მიზანი დაბადა. როგორც თავად ამბობს: „როცა უფალი ერთ შესაძლებლობას გართმევს, გაძლევს მეორეს…

“ჩემმა მდგომარეობამ სხვა ადამიანების მხარდაჭერა შემაძლებინა. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, კარგად მახსოვს ის დრო, როცა საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სრულიად განსხვავებული, სტერეოტიპული დამოკიდებულება იყო. 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში მათ ხშირად ოჯახები სახლში მალავდნენ, არიდებდნენ საზოგადოებაში გამოჩენას. თინა ბრეგვაძემ კი შეუძლებელი შეძლო – მან ეს ადამიანები ჩაკეტილი ოთახებიდან გამოიყვანა. 2001 წელს მცირე გრანტით დაწყებული ინიციატივა დღეს რეგიონის ყველაზე დიდ სოციალურ ძალად იქცა” – ამბობს ის.

დღესდღეობით, ორგანიზაცია 1000-მდე ბენეფიციარს ემსახურება და 136 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ცენტრში ფუნქციონირებს ადრეული განვითარების (0-3 წლამდე), დღის ცენტრისა და რეაბილიტაციის უფასო პროგრამები. ჩემი თვალით მინახავს ის საოცარი შედეგები, რასაც თიხისა და კერამიკის, ასევე ტიხრული მინანქრისა და სამკერვალო სახელოსნოებში მომუშავე ბავშვები და მოზარდები ქმნიან. ეს ართ-თერაპიები არა მხოლოდ მოტორულ უნარებს ავითარებს, არამედ მათ მომავალ პროფესიას აძლევს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მიდგომა, რომელსაც ორგანიზაცია შშმ პირთა დედების მიმართ იყენებს. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ის უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხი, რომლის ქვეშაც ეს ქალები ცხოვრობენ. თინა ბრეგვაძის ინიციატივით, ცენტრმა შეძლო ამ დედების დასაქმება (მაგალითად, პერსონალურ ასისტენტებად), ასწავლა მათ ხელსაქმე და აღმოუჩინა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. გაძლიერებული დედა ნიშნავს გაძლიერებულ შვილს – ეს არის ფორმულა, რომელიც პრაქტიკაში უნაკლოდ მუშაობს.

ორგანიზაციის კიდევ ერთი უმთავრესი მიღწევა შშმ პირთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა. ცენტრი ეხმარება ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში. გავიხსენოთ გოგონა, რომელსაც ჩირის საშრობი აპარატი შეუძინეს და ახლა საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, ან ახალგაზრდა ატენიდან, რომელიც წიწილების საინკუბაციო აპარატით წარმატებულ საქმიანობას ეწევა. ცენტრის აღზრდილებს შორის სამი მსოფლიო ჩემპიონია. ეს ფაქტები თავისთავად ამსხვრევს ყველა არსებულ სტერეოტიპს!

„ქალის ხმის“ ეთერში გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი გზავნილი თინა ბრეგვაძის მხრიდან: ჩვენ უნდა დავანგრიოთ შშმ პირების მიმართ არსებული სამედიცინო, „შეცოდების“ მოდელი და გადავიდეთ უფლებრივ, სოციალურ მოდელზე. როცა საზოგადოება ამ ადამიანებს სიბრალულით უყურებს, ეს მათთვის დამამცირებელია. მათ სჭირდებათ არა შეცოდება, არამედ ადაპტირებული გარემო, განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შშმ პირებს ეხება, უშუალოდ მათი ჩართულობით უნდა მიიღებოდეს.

კითხვაზე, თუ საიდან მოაქვს ამდენი ენერგია ყოველდღიური ბარიერების გადასალახად, თინა ბრეგვაძის პასუხი მარტივი და გულწრფელია – იმ ბავშვების სიყვარულიდან, რომლებიც მას ყოველდღე ცენტრში ელიან.

“დღეს, როდესაც ჩვენ თანამედროვე, ინკლუზიურ საზოგადოებას ვაშენებთ, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ იმის ცოცხალი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უდიდესი პერსონალური ტკივილი საყოველთაო სიკეთედ და ათასობით ადამიანის გადარჩენად აქციო. საკუთარი თვალით დანახული ეს რეალობა მარწმუნებს ერთ რამეში: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო, რომლის უკეთესობისკენ შეცვლაც თითოეული ჩვენგანის, და მთლიანად საზოგადოების, საერთო პასუხისმგებლობაა”. – ამბობს თინა ბრეგვაძე. 

About Author

დაკავშირებული პოსტები